logo
ENG



კალაძე: მეტროსადგურებში ახმეტელის თეატრი და ვარკეთილი დამატებითი "ტურნიკეტები" მოეწყობა

05 ოქტ 202212:52
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: მეტროსადგურებში ახმეტელის თეატრი და ვარკეთილი დამატებითი "ტურნიკეტები" მოეწყობა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროს ზოგიერთ სადგურში პიკის საათში მგზავრთა ნაკადთან დაკავშირებულ პრობლემებს მოკლევადიან პერსპექტივაში ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტების ე.წ ტურნიკეტების დამატებით გადაჭრიან.

მერის ცნობით, პრობლემური სადგურებში ახმეტელის თეატრსა და ვარკეთილში ჩასასვლელ-ამოსასვლელი ვერ ატარებს იმ მგზავრების ნაკადს, რომელიც მეტროს განსაკუთრებით პიკის საათებში იყენებს.

კალაძის თქმით, ამ სადგურებში დღეს შვიდი გასასვლელი, ხოლო ახალი "ტურნიკეტების" მოწყობის შემთხვევაში, იქნება ცხრა გასასვლელი, რაც მგზავრთა გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის. მისი ცნობით, ამ პროექტის განხორციელებას 5-6 თვე დასჭირდება.

„თუ დღეის მდგომარეობით, თითოეულ სადგურს შეუძლია გაატაროს 6 300 მგზავრი საათში, ახალი "ტურნიკეტების" დაყენების შემთხვევაში, შევძლებთ საათში 8 100 მგზავრამდე გავზარდოთ გამტარუნარიანობა. შესაბამისად, პიკის საათებში, ზემოთ დასახელებულ მეტროსადგურებში აღარ გვექნება ზედა ვესტიბიულში რიგები. ეს არის მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარება. დაახლოებით, ხუთი-ექვსი თვე დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას. მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება, რათა ადამიანებს არ მოუწიოთ გარკვეული დროის განმავლობაში დაყოვნება აღნიშნული მეტროსადგურების ჩასასვლელებში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება პრობლემის  გრძელვადიან მოგვარებას, თბილისის მერი აცხადებს, რომ აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაიწყეს მუშაობა მეტრო ახმეტელში მეორე შესასვლელის პროექტის დაფინანსებასა და განხორციელებაზე.

კალაძის თქმით, ორი დღის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - დღის განმავლობაში, მგზავრთა ჯამური გადაყვანის რაოდენობა მეტროსა და ავტობუსებში 1.035 მილიონი იყო. მეტროში განხორციელდა 502 508 მგზავრობა, ავტობუსით კი - 532 076 მგზავრობა.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გასულ კვირაში სადგურის მოედანზე ნაკადების მართვისთვის დამატებითი თანამშრომლების დამატება წარმატებული აღმოჩნდა და ბოლო კვირის განმავლობაში „გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა“.

კალაძის თქმით ნაკადების მართვის ამგვარი პრაქტიკა გაგრძელდება მაშინ, „როდესაც მგზავრთა დიდი რაოდენობა მოიყრის თავს „სადგურის მოედნის“ გადასასვლელ გვირაბში“.

 

close დახურვა